რა ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა რუსთავს [video]

2019-09-21 22:17:36

ახდილი სახურავები, ჩამონგრეული აივანი, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ელექტრო სადენები, ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. [ვიდეო/video]

მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ქარის გამო აივანი ჩამოინგრა. ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა აცნობეს.

დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსის სახურავები მაიაკოვსკისა და ბათუმის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავის ნაწილი გადახადა. თუნუქის ფურცლები და ხის მასალა ტროტუარზე ჩამოვარდა.

პრობლემები შეიქმნა რუსთაველის ქუჩაზეც, ქარმა ჭადრის ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე გაჩერებულ, "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეცა, ინციდენტმა გზის ჩახერგვა გამოიწვია და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული იყო. ხეები რუსთავის სხვადასხვა მისამართებზეც იყო მოგლეჯილი, დაზიანდა ელექტრო სადენებიც.

XXI მიკრო რაიონში, მშენებლობის ტერიტორიაზე ქარმა თუნუქის ღობე მოგლიჯა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.