რუსთავის ახლადრეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ეკა ხუციშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს, ბაღის პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს კი ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს.
მე-8 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა.
პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა ოთახები, სამზარეულო და კეთილმოეწყო ეზო.
სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა, სადაც 156 ბავშვი ირიცხება.
2019 წელს, 1 მლნ 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რუსთავის რვა საბავშვო ბაღში, აქედან მე-8, 25-ე და 27-ე ბაგა-ბაღში გამაგრებითი სამუშაოებიც განხორციელდა.
სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი.
ახალი ინვენტარი: საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები და სტელაჟები, სასწავლო წლის დაწყებამდე, რუსთავის ოცდაერთივე ფილიალში შეიტანეს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს