რუსთავში, მე-8 მიკრორაიონის მცხოვრებლების ნაწილი #34 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას ითხოვს.
როგორც ერთ-ერთმა ადგილორბივმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, ბაგა-ბაღი უკვე 20 წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, რის გამოც მშობლებს შვილების სხვა მიკრორაიონებში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში ტარება უწევთ.
“გვინდა, რომ გაიხსნას 34-ე ბაღი, რადგან აქედან 21-ე მირკორაიონში დაგვყავს ბავშვები და თან იქაც ძლივს მიიღეს. 20 წელია ეს ბაღი დაკეტილია. მივმართეთ მერიას, მაისის ბოლოს იქნება პროექტიო გვითხრეს, მაგრამ დღემდე სამწუხაროდ არაფერი სიახლე არ არის”, - აცხადებს “ინფო რუსთავთან” საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის პრობლემებს მოუსმინა პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ნინო იმედაშვილმა. იმედაშვილის თქმით, რუსთავის მერიამ მიმდინარე წლის მარტში, ბაღის საპროექტო სამუშაობზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა პროცესი დროში გაიწელა.
“მერიამ მარტში ტენდერიც გამოაცხადა საპროექტო წინადადებაზე, გაიმარჯვა არეშმა, 1 თვეში უნდა დამეთავრებინა და მე-7 თვეა 4-ჯერ გადაუვადეს პროექტის გაკეთება. ხალხი ითხოვს დროულად მოგვარდეს ეს პრობლემა. 4000 მდე ოჯახი ცხოვრობს ამ 2 მიკრორაიონში და ვისაც არ უმართლებს, მას ბავშვი ბაღში საერთოდ ვერ დაჰყავს”, - აცხადებს ნინო იმედაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის გეოლოგიური გამოკვლევები მიმდინრეობს, ბაღის რეაბილიტაცია კი 2020 წელს მოხდება.
"ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა აღნიშნული ბაღის ერთი ფლიგელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 21 მარტს შპს "არეშთან", რომელსაც დაევალა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ამ ეტაპზე გრძელდება დაპროექტება, უბრალოდ სამუშაოების პრიოცესში საჭირო გახდა დამატებითი გეოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, წელს გვექნება დაექსპერტებული პროექტი და მომავალ წელს მოხდება ბაღის რეაბილიტაცია", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამსახურში.
სამსახურში აღნიშნავენ, რომ კომპანია "არეშის" მხრიდან არაკეთილსნდისიერებას ადგილი არ ჰქონია და პროცესის ვადებში გაწელვა მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ შენობაში არსებული თვითნებურად დაკავებული ფართების გამო საპროექტო ორაგანიზაციამ სამუშაოების დროულად განხორციელება ვერ მოახერხა.