ვითარება რუსთავის სკოლებში [photo]

2019-09-15 18:54:56

ხვალ, 16 სექტემბერს რუსთავის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის 5 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მოსწავლეებს უკლებლივ ყველა სკოლა მიიღებს, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები სასწავლო პროცესს არ შეაფერხებს.

სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა #2, #3, #22, #21 და #6 საჯარო სკოლებში. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, #22 სკოლაში სპორტული დარბაზის გადახურვა მიმდინარეობს, დანარჩენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი შიდა სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია ხორციელდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ დაწესებულებებში სამუშაოები დასრულებულ სახეს 2 კვირაში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავის 21 სკოლაში ხორცილდებოდა და ყველა მათგანში შემსრულებელ კომპანიას სამუშაოები 15 სეტემბრამდე უნდა დაესრულებინა. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში საუბრობენ იმ კომპანიების არაკეთილსინდისიერებაზეც, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჩატევა ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რუსთავში, 22 სკოლის 26 პროექტის განსახორციელებლად მიმდინარე წელს, 1 700 000 ლარი გამოიყო. ძირითადად, პროექტები ითვალისიწინებდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სველი წერტილების მოწესრიგებას, დერეფნებისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაციას, ასევე სკოლის გარე პერიმეტრის შემოღობვას, გარე და შიდა სპორტული მოედნის მოწყობას.