ახალი სკულპტურები რუსთავში [photo]

2019-09-15 12:28:54

პირველად საქართველოში - რუსთავში სკოლებთან არსებული ზებრა გადასასვლელების წინ მოსწავლეების სკულპტურები დაიდგა.

პროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ "ზებრა"-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა - გზა დაუთმონ ქვეითებს.

ინიციატივა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელს გიორგი გოროზიას ეკუთვნის.

"მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება ძალიან მნიშვნელოანია, განსაკუთრებით სკოლებთან, სადაც ძირითადად გადაადგილდებიან მოსწავლეები. ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში ჩემი ყურადღება მიიქცია მოსწავლის იმიტაციამ, რომელიც განთავსებულია სკოლასთან არსებულ გადასასვლელზე და მძღოლისთვის ერთგვარი მანიშნებელია, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ევროპული პროექტი ჩვენს ქალაქში განვახორციელე" - განაცხადა გიორგი გოროზიამ.

ქანდაკებები "რუსთავსერვის ცენტრის" დიზაინერმა თემურ ტაილურაშვილმა შექმნა, რომელიც სკულპტურებზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა.

პირველ ეტაპზე სკულპტურები #22, #25 და #24 სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, ეტაპობრივად კი შესაძლებელია, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მოიცვას.

პროექტის განხორციელება "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაამთხვია. გოროზიამ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სკოლაში პირველად მიდის. მინდა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო"- განაცხადა გიორგი გოროზიამ.