ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

2019-09-09 12:18:54

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრძანება გამოსცა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები 2019-2020 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ცვლილებების საფუძველზე საჯარო სკოლებს შეეძლებათ თვითონ შეადგინონ გაკვეთილების საათობრივი ბადე შემდეგი სამი მოდელის მიხედვით:

მოდელი I – საათობრივი ბადე, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

მოდელი II – საათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში.

2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი  გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ  ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.

მოდელი III – საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას.“;

ასევე, კერძო სკოლებს ეძლევათ სრული თავისუფლება შეიმუშავონ შეფასების განსხვავებული სისტემა. ყოველი სემესტრის ბოლოს კი, ამ სისტემაში არსებული შეფასების კონვერტაცია მოხდება არსებულ 10-ქულიან სისტემაში.

როგორც კერძო, ისევე საჯარო სკოლებს შეეძლებათ მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი ტიპის არჩევითი საგნები. საჯარო სკოლებს ახალი არჩევითი საგნის პროგრამის შეთანხმება სამინისტროსთან მოუწევთ.

ბრძანებაში ასევე მოცემულია პრიორიტეტული თემები:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

RUSTAVI