რუსთავში "მეტრომარტი" დახურა

2019-09-06 12:01:51

საბანკო რეგულაციებმა, რომლებიც 2019 წლის 1  იანვრიდან ამოქმედდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ტექნიკის ბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ "მეტრომარტმა" რუსთავში ფილიალი დახურა. მაღაზიაში 15-მდე თანამშრომელი მუშაობდა, კომპანიამ მათი დიდი ნაწილი თბილისის ფილიალებში დაასაქმა, მცირე ნაწილს კი კომპენსაციები გადაუხადა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, განვადებების პროცედურის გართულების გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები რუსთავში თითქმის ყველა მაღაზიაში 40-50 %-ით შემცირდა.

ბიზნესმენები რეგიონებში მაღაზიების დახურვას მოსახლეობის გადამხდელუნარიანობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ რეგიონებში ძირითადად თვითდასაქმებულები ცხოვრობენ და მათ ბანკში ხელფასის დამადასტურებელი ცნობის მიტანა არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ პროდუქციასაც ვერ ყიდულობენ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ბანკებს  დაუწესდათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ უწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა, შესაბამისად, გაამკაცრეს სესხების გაცემის პოლიტიკაც.