"ეზოში კანალიზაციის ღვარცოფი მოდის" [photo]

2019-09-04 14:52:47

რუსთავში, ფალიაშვილის #5 კორპუსში მცხოვრებლები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა აწუხებთ. როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ქსელი მწყობრიდან #7 კორპუსშია გამოსული, რაც ფეკალური მასების მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოდინებას და ტერიტორიის დატბორვას იწვევს. 

"ყოველ 2-3 დღეში კანალიზაციის ღვარცოფები მოდის. გარეთ ვერ გამოვსულვართ ვერც დიდი, ვერც პატარა. ამისი ატანა უკვე აღარ შეიძლება. საშინელი სუნი დგას, ფანჯრები ვერ გაგვიღია. ბავშვები ქუჩაში ვერ გამოგვიყვანია. ელემენტალურად, კანალიზაციაში ხომ ვერ ივლი და ისე ხომ ვერ წახვალ სამსახურში", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით 7 წელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმართავენ "რუსთავის წყალს". მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანია საკანალიზაციო სისტემის გაწმენდით სამუშაოებს ტერიტორიაზრე ხშირად ატარებს, თუმცა ამას  მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს და პრობლემას ძირფესვიანად ვერ აგვარებს.

"ინფო რუსთავი" იმის გასარკვევად, თუ რა გზას შეიძლება მიმართონ ადგილობრივებმა, რომელებიც პრობლემაზე რაც შეიძლება დროულ რეაგირებას ითხოვენ, ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელს ზვიად ლაბაძეს დაუკავშირდა. როგორც ლაბაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა არ შეუძლია.

"#7 საცხოვრებელ სახლში ბინიდან ჭამდე გამომსვლელი დამაკავშირებელი მილები კი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ აქ პრობლემა ჭიდან ჭამდე დამაკავშირებელი მილებია, რისი მოგვარებაც ჩვენს პროგრამაში არ შედის. ჩვენ ამ ეტაპზე დახმარება არ შეგვიძლია, თუმცა ამაზე მიდის მუშაობა და შესაძლოა მომავალი წლისთვის თანამონაწილეობით მოხდეს სისტემის გარეცხვითი თუ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება", - აცხადებს ზვიად ლაბაძე.