რუსთავის რომელ უბნებშია ყველაზე მეტი გველი

2019-09-09 11:08:48

1 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში 15 გველი დაიჭირეს, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრში განუცხადეს.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რუსთავის რომელ უბნებში ფიქსირდება ძირითადად ქვეწარმავლები. ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის, თუმცა მისი თქმით, ახალ რუსთავში ქვეწარმავლების უფრო დიდი რაოდენობა შეინიშნება, ვიდრე ძველში. 

ბეგაშვილის განცხადებით, 1 აგვისტოდან დღემდე  ქვეწარმავლებთან დაკავშირებით სამსახურში 19 შეტყობინება შევიდა, აქედან 4 შემთხვევაში ქვეწარმავალი არ დაფიქისრდა, დანარჩენ შემთხვევაში რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 15 გველი დაიჭირეს.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. მისივე ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით ძირითადად საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით, პრევნციულ ზომებსაც ატარებს.

მოსახლეობას ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე 341 24 10 44/ 24 28 16. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.