რამდენი ლარით დაფინანსდება სტუდენტების მგზავრობა

2019-08-28 00:21:31

რუსთავის მერია სოციალურად დაუცველი და წარჩინებული სტუდენტებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მგზავრობის დაფინანსების გაზრდას არ აპირებს - ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიაში განუცხადეს.

საუბარია მერიის სოციალური პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველ, სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობისთვის რუსთავის მერიისგან ყოველთვიურად ანგარიშზე 50 ლარის ოდენობის თანხა ერიცხებათ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი, 6 ლოტზე, მიმდინარე წლის, 19 აგვისტოს 1.8 ₾ გახდა.

"ინფო რუსთავს" კითხვით, გაიზრდება თუ არა, აღნიშნულ მარშრუტებზე სტუდენტების მგზავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსებაც, რუსთაველი სტუდენტები უკავშირდებიან.

"ინფო რუსთავი" საკითხის გასარკვევად რუსთავის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ: - "ამ ეტაპზე ამ თანხის გაზრდა არ იგეგმება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, მაღლივის მიმართულებით მოძრავ ხაზზე ტარიფი არ გაძვირებულა და იგივეა. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რუსთაველი სტუდენტი გადაადგილდება. გარდა ამ 50 ლარიანი დახმარებისა, რუსთავის მერიას აქვს სხვა სახის დახმარება, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია მათთვის, ეს გახლავთ სწავლის საფასურის დაფინანსება, რომელიც წელს გაიზარდა თითქმის ორჯერ რაოდენობრივად და მომავალ წელს კიდევ იგეგმება მისი გაზრდა. სტუდენტები იღებენ ამ სერვისს, სწავლის საფასურს. რაოდენობრივად უფრო მეტი სტუდენტი დაფინანსდა წელს და კიდევ მეტი დაფინანსდება შემდეგ წელს"

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლის საფასურს რუსთავის მერია 800 ლარის ოდენობით უფინანსებს.