რუსთავის მაცხოვრებელი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს. 51 წლის მზია დუნდუა სტამბოლში ერთ-ერთ ოჯახში ბოლო 6 თვის განმავლობაში ბავშვის მომვლელად მუშაობდა და საქართველოში მყოფ ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. ოჯახის წევრებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს,რომ გარდაცვლილს ორი დღის წინ ესაუბრნენ, მომხდარის შესახებ კი სოციალური ქსელის საშუალებით გაიგეს. გარდაცვლილს ვენები ჰქონდა გადაჭრილი და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. როგორც თურქეთში მყოფი ემიგრანტი აცხადებს, ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილს ხელფასს არ უხდიდა, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ოჯახის უფროსმა მას ლარნაკი ესროლა, ასევე გავრცელდა ვარაუდიც, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ოჯახის წევრები ორივე ინფორმაციას უარყოფენ. საკონსულოს ინფორმაციით კი, ამ დროისთვის მზია დუნდუას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული, გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.