"შევთანხმდით ექსპერიმენტის ჩატარებაზე"

2019-09-01 10:07:22

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რუსთაველებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, ქალაქში არსებულ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"ინფო რუსთავს"  შეწუხებული მოსახლეობა დახმარების თხოვნით აქტიურად უკავშირდება. საინფორმაციო სააგენტომ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა ობიექტი, საიდანაც სავარაუდოდ ქალაქში უსიამოვნო სუნი შემოდის და საზოგადოების მთავარი კითხვა, თუ რა ზომებს მიიღებს აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას დაუსვა.

საუბარია სოკოს ქარხანაზე, რომლიდანაც უსიამოვნო სუნი რუსთავში განსაკუთრებით ღამის საათებში შემოედინება. ირაკლი ტაბაღუას თქმით, სოკოს ქარხნის წარმოების ხელმძღვანელი ფაქტს უარყოფს, ამიტომაც მერია ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს.

"სოკოს წარმოების ხელმძღვანელი მყავდა სტუმრად, ჯანდაცვის ცენტრიდან მყავდა წარმომადგენელი და შევთანხმდით ექსპერიმენტის ჩატარებაზე. მათი თქმით, კვირაში ერთხელ აქვთ მოსამზადებელი სამუშაოები, სწორედ ეს სამუშაოები შეიცავს იმის რისკს, რომ პროცესში გამოიყოფა სუნი. შევთანხმდით ექსპერიმენტზე, რომელიც ჩატარდება იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება ქალაქში ამხელა მანძილზე შემოდიოდეს ეს სუნი. ჩვენთან ერთად დაიწყებენ წარმოების პროცესს, სხვადასხვა ლოკაციებზე განლაგდებიან შესაბამისი თანამშრომლები და დავადგენთ რეალურ მიზეზს. რა თქმა უნდა, თუ ფაქტი დადასტურდა, წარმოების ხელმძღვანელი თანახმაა ამის გამოსწორებაზე, მეორე ეტაპია ამას როგორ შეძლებს", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავის მერი იმედოვნებს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გზას მიაკვლიეს, რადგან სხვა ვარაუდები, უსიამოვნო სუნის გავრცელების კერებთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

6 საათიან საწარმოო ციკლს ირაკლი ტაბაღუაც დაესწრება, თუმცა როდის ჩატარდება ექსპერიმენტი ჯერჯერობით უცნობია.