ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერის საშუალებით ფეისბუქ მომხმარებლებს მიმართა და მათ კითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტმა ფეისბუქ ლაივში ბოლო დროს რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა და ნიკა გვარამიას “მთავარი არხის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც უკვე ცნობილია, ჟორჟოლიანმა მას შემდეგ, რაც რ2 დატოვა, გვარამიას “მთავარ არხზე” გადაწყვიტა მუშაობის გაგრძელება, აღნიშნული მოვლენების განვითარებამდე კი ახალი ფორმატის გადაცემის გაკეთება დააანონსა. ტელეწამყვანის ფეისბუქ ლაივში რამდენიმე ახალი დეტალიც გახდა ცნობილი.
სოციალური თოქ-შოუ, რომლის ავტორი და წამყვანიც ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება, ეთერში პირდაპირ ტრანსლაციით გავა.
“ეს აღარ იქნება ნანუკას შოუ. ნიკას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება. ეს იქნება სოციალური თოქ-შოუ, დარბაზიანი, საზოგადოებით, ხალხით, სტუდენტებით, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია. ნებისმიერ თემატიკაზე, პრობლემაზე, აქტუალურ თემაზე ამ გადაცემაში სტუდენტები ისაუბრებენ”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანმა ასევე უპასუხა ფეისბუქ მომხმარებლების მიერ დასმულ კითხვებს რუსთავი 2-ის სხვა გადაცემებთან დაკავშირებით. სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მთავარ არხზე არ გავა, მისი ხილვა მაყურებელს ფორმულა კრეატივის მიერ შექმნილ ახალ არხზე შეეძლება, რაც შეეხება კითხვას მაია ასათიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რჩება თუ არა ის რუსთავი 2-ზე, ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ: - “მე ვესაუბრე მაიკოს, მაგრამ არ გვისაუბრია მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირები”, თუმცა საგულისხმოა, ჟორჟოლიანის თქმით, “მთავარ არხზე” ყვითელი გადაცემები არ გავა.
“მხოლოდ ქართული აუცილებლად მთავარ არხზეა, აქაა კურიერის სრული შემადგენლობა, ნიკა გვარამია აკეთებს გადაცემას”, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.