რომელ ბაღში რა კეთდება

2019-08-25 15:55:06

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ახალ სასწავლო წელს ბევრი სიურპრიზით ხვდება.

რომელ ბაღში რა შეიცვლება და როგორ ემზადებიან სააღმზრდელო დაწესებულებები სექტემბრის მოახლოვებასთან ერთად, საკითხით "ინფო რუსთავი" დაინტერესდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, ახალ სასწავლო წელს რუსთავში არსებული თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულება ცვლილებებით ხვდება.

ბაღებში როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მცირე თუ შედარებით მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, ისე ძველი და დაზიანებული ინვენტარის გამოცვლა მიმდინარეობს.

ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, იატაკი იცვლება #21 ბაგა-ბაღის ყველა ჯგუფში, იდენტური სამუშაოები ხორციელდება #40 სააღმზრდელო დაწესებულების რამდენიმე ჯგუფშიც. #17 ბაგა-ბაღში დაინგრა და შენდება შენობის ახალი დერეფანი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 20-მდე ფანჯარა გამოიცვალა #43 სააღმზრდელო დაწესებულებაში. ასევე იატაკი იცვლება და კედლები იღებება #1 ბაგა-ბაღში. #22 სააღმზრდელო დაწესებულების ერთ ჯგუფს სრულად უტარდება სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, # 36 ბაგა-ბაღს ემატება ახლადგახსნილი 3 ჯგუფი, რომელიც დამატებით 100 ბავშვის მიღებას შეძლებს.

რუსთავში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, საჭიროებებიდან გამომდინარე ძველი ავეჯის შეცვლა მიმდინარეობს. სკამები, საწოლები, კარადები შეიცვალა იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც აღნიშნულ ინვენტარი დაძველებული გახლდათ.