როგორი ავტობუსები მოემსახურება რუსთაველებს

2019-08-09 15:29:29

რუსთავი–თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის ავტობუსების გასვლის ლოკაცია, სავარაუდოდ, რუსთავში გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თბილისში გაჩერების ლოკაცია კი ისნის მეტრო იქნება.

ქალაქში, 9 მიკროავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით, 20 წუთიანი ინტერვალით იმუშავებს. ავტობუსებზე ტარიფი 90 თეთრიდან 1,20 ლარამდე განისაზღვრება.

აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მოხდა და დასამტკიცებლად  მთავრობის ადმინისტაციაში გადაიგზავნა.

"შესაბამისი სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, სადაც, როგორც თბილისის მერიის საკრებულოს წარმომადგენლები, ისე კომპანია "სისტრას" წარმომადგენლები, ასევე რუსთავის მერიის და საკრებულოს წევრები. ვიმუშავეთ ამ საკითხზე, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა სამუშაო ჯგუფის, საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჩატარდება კონკურსი" - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ

კრიტერიუმები, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კომპანიები მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას ასეთია: დასაჯდომი ადგილების რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები, ჯამში 75-ზე ნაკლები, უნდა ჰქონდეს კონდიცირება, გათბობა, ვინტილიაცია. ავტობუსი აუცილებლად უნდა იყოს ევრო 6 სტანდარტის ან ელექტრო და შშმ პირებისთვის ადაპტირებული.