11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

2019-08-08 12:23:52

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

რუსთავში, გმირთა მემორიალთან გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"დღევანდელი დღე, 8 აგვისტო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია. ჩვენ პატივს მივაგებთ რუსთავის მკვიდრ სამხედრო მოსამსახურეებს ოთხ ახალგაზრდა ადამიანს  და ასევე ყველას, მეომრებს, გმირებს, ვინც თავი დადო და გასწირა სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. ამ ომმა ჩვენ დაგვაშორა ქვეყნის გაერთიანების იდეას და ჩვენს ძმებს, მაგრამ ოკუპაცია აუცილებლად უნდა გვაერთიანებდეს ყველას და ჩვენ ამ გაერთიანებით, მშვიდობიანი განვითარებით შევძლებთ ამ ომის მოგებას და ქვეყნის გაერთიანებას. კიდევ ერთხელ ყველა ოჯახს, ყველა დაღუპულის მშვიდობიანი მოსახლეობიდან, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო და დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი ღირსეული ადამიანების აღზრდისათვის და სამშობლოს თავდადებისთვის" - განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი, ლევან იოსებიძე,  ბესიკ კაპანაძე და ზაზა ფერაძე დაიღუპნენ.

ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ჯავახიშვილი და ზაზა ფერაძე IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში, ხოლო ბესიკ კაპანაძე შსს-ს ჯარში მსახურობდა.

ოთხი მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით, ბესიკ კაპანაძე გორგასლის მეორე ხარისხის, ზაზა ფერაძე კი მესამე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.