რუსთაველების შანსი ლაშქრობაზე წასასვლელად

2019-07-30 00:20:52

რუსთავის მერიამ რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საზაფხულო ლაშქრობის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა თუმცა მასში საბოლოოდ "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციამ" გაიმარჯვა.

აღნიშნული ასოციაცია უზრუნველყოფს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ლაშქრობას ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურში.

ლაშქრობაში მონაწილეობას 275 ახალგაზრდა მიიღებს, შერჩეულ რუსთაველებს გამარჯვებული კომპანია ლაშქრობაზე 11 ეტაპად წაიყვანს. თითო ეტაპის ხანგრძლივობა 3 დღე იქნება, აქედან ერთი დღე დაეთმობა ლაშქრობას, მეორე დღე ტრენინგებს ტურიზმის მიმართულებით, მესამე დღეს კი უკან დაბრუნდებიან.

"აგვისტოს თვეში მოეწყობა 3 დღიანი ლაშქრობა, ახალგაზრდებს შეეძლებათ დასვენება, სულ იქნება 11 ნაკადი. ჩვენ ვუზრუნველყობთ ბავშვების ტრანსპორტირებას, კვებას, ტრენინგების ჩატარებას, სერთიფიკატების გადაცემას, გიდით, ექიმებით და მზარეულებით მომსახურეობას" - განაცხადა ტენდერში გამარჯვებული ასოციაციის თავმჯდომარემ ირმა კახიძემ.

"ახალგაზრდები შეირჩევიან ასაკის მიხედვით, ასევე გასაუბრებით, რამდენად ჩართულები არიან მსგავს ღონიძიებებში, ნაწილი კი პირდაპირ იქნება განსაზღვრული სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. რაც შეეხებათ მათ უსაფრთოებას, ჯგუფს ეყოლება ლიდერი ორ გამოცდილ დამხმარესთან ერთად, რომლების კომპეტენციაშიც შევა მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა" - განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა.

რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საზაფხულო ლაშქრობის მოსაწყობად კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციას გაწერილი აქვს 31 658 ლარი.