რუსთაველების პროტესტი სოციალურ ქსელში

2019-07-28 13:02:36

ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებს შეზღუდვები დაუწესდეთ, რუსთაველების მხრიდან, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საუბარია "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის" ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძის განცხადებაზე, რომელიც მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის. სამწუხაროდ, თბილისის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამაზე ზემოქმედების ბერკეტები, რადგან ეს არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულირების სფერო. ამას ტექდათვალიერება თუ დაარეგულირებს. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი მოძრაობა დადგენილი წესების მიხედვით მოხდეს", - განაცხადა აბესაძემ. აბესაძის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა რუსთაველების პროტესტი სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით, გაჭირვების ფონზე, მსგავსი ცვლილებები მოქალაქეებს დააზარალებს და დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ასევე მგზავრებს, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დიდი დრო დასჭირდებათ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ, შეზღუდვები დაწესდება, მგზავრობის ტარიფი უნდა შემცირდეს.

"რუსთავის მაშრუტკა თუ არ გაძვირდა, სამაგიეროდ ოთხმაგი დაუჯდება ერთ მგზავრს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და პლიუს დრო"

"ბათუმზე და სხვა ქალაქებზე გეთანხმებით, მაგრამ როგორ შეიძლება რუსთაველებს გაუკეთო ეგეთი რამ? რამდენი რუსთაველი მუშაობს თბილისში, ხალხი წვალებით ჩადის დედაქალაქამდე და ახლა კიდევ ორმაგ წვალებას სთავაზობთ? თან დილის საათებში რიგებია ნებისმიერი მიმართულებით"

"თუ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიგვიყვანს მაშრუტკა, მაშინ მგზავრობის ფასმაც უნდა დაიწიოს, რა უბედურებაა" - წერენ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რუსთაველები.