ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

2019-07-27 21:10:01

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაცვის მხარე დღვანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მისი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის უფლებადამცველმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.