მძღოლები vs ქვეითები

2019-07-25 14:16:53

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ. "ზებრაზე" მოქალაქეს გზას არ უთმობს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 20 ლარით ჯარიმდება.

რუსთაველების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ "ზებრა" გადასასვლელზე მძღოლების უმეტესობა ქვეითებს გზას არ უთმობს. მათი თქმით, მძღოლების უმრავლესობა ამ წესს არ იცავს და მათი, როგორც ქვეითის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა.

მოქმედი კანონი ყველა ქვეითად მოსიარულის ამ კონკრეტული უფლების დარღვევისთვის 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე პუნქტში წერია:

"მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით".

რუსთაველი სტუდენტი გოგიტა გაგნიძე მიიჩნევს, რომ სანქცია, რომელსაც კანონმდებლობა ამ სამართალდარღვევისთვის აწესებს, ანუ, 20 ლარიანი ჯარიმა ადექვატური სანქცია არ არის და არ უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას.

"ძალიან სახიფათოა გადასვლა იქ, სადაც შუქნიშნები არ არის. როგორც წესი, არცერთი მძღოლი არ აჩერებს. აი, მეგობრობაზე, კონკრეტულად კი ვაკის ტაქსების სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სადაც თითქმის ყოველ დღე მიწევს გადაადგილება საშინელება ხდება. დიდი მოძრაობაა და ძალიან დაკვირვებით უნდა იყურო, რომ მანქანა არ დაგეჯახოს. სრული განუკითხაობაა, აქ არც ზებრა არ არის დახაზული, არადა რამდენი წელია უკვე ამ გადასასვლელით ვსარგებლობთ, თუმცა ვფიქრობ რომ გადასასვლელის დახაზვის შემთხვევაშიც პრობლემა ისევ მოუგვარებელი იქნება", ამბობს ინფო რუსთავთან ნათია ლომიძე.

"მძღოლები უმეტეს შემთხვევაში ზებრა გადასასვლელთან მიახლოებისას სიჩქარეს არ ამცირენ და  ქვეითებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. არც 20 ლარიანი ჯარიმის გადახდა უჭირთ, ვფიქრობ კანონი უნდა გამკაცრდეს ამ მხრივ",-ამბობს მირიან მაღლაკელიძე.

რუსთავში 6 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, რამდენიმე ქვეითი დაშავდა. ბოლო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.