"სურვილი ჩვენი მხრიდან ბინის გაყიდვის, რა თქმა უნდა, ისევ არის, ყიდვის მსურველებიც ისევ იმ რაოდენობით არიან, თუმცა ფაქტია, რომ ორივე მხარე დაზარალებული გამოვედით", - აცხადებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი "ინფო რუსთავთან" საუბარში.
რუსთავში არსებული სამშენებლო კომპანიებისა და უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები საცხოვრებელი ფართების ყიდვა/გაყიდვის საგრძნობლად შემცირების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, საცხოვრებელი სახლების გაყიდვები რუსთავში დაახლოებით განახევრებულია.
რთული მისახვედრი არ არის, რა გახდა აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი. სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირებას საბანკო რეგულაციების გამკაცრებას უკავშირებენ. სექტორში საუბრობენ როგორც ბიზნესის, ისე საცხოვრებელი ფართის შეძენის მსურველი მოქალაქეების დაზარალების შესახებ. სამშენებლო კომპანიებისა და უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბინის შეძენის მსურველი კვლავ ბევრია, თუმცა ამოქმედებული საბანკო რეგულაციებისა და ამ კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეები ფართის შეძენას ვეღარ ახერხებენ.
შეგახსენებთ, უკვე 6 თვეა საბანკო რეგულაციები გამკაცრდა. საბანკო სექტორის მიერ სესხის გაცემა მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგაა შესაძლებელი.