"ყველაზე ძლიერი მამაკაცი", რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, 36 წლის რუსთაველი სპორტსმენი, გიორგი დოინჯაშვილია.
ავარია ხარაგაულის რაიონში მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი, რომელსაც გიორგი დოინჯაშვილი თავად მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. სპორტსმენი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
36 წლის რუსთაველ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი ჰყავს.
გიორგი დოინჯაშვილი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლდათ. საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანმა ლიდერმა, ევროპის უძლიერესი მამაკაცის სტატუსიც მოიპოვა. გიორგი არნოლდ კლასიკ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი და ექსტრემალურ ძალოსნობაში 2015-16 წლების ესპანეთის გრან-პრის გამარჯვებული იყო. იგი, როგორც ძალოსანი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, მათ შორის პროექტ "ნიჭიერში".
2017 წელს გიორგიმ საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის დამარცხება შეძლო. სპორტსმენი ფილტვის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე, ძილის რეჟიმში იმყოფებოდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და სპორტული მოღვაწეობაც გააგრძელა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი დოინჯაშვილის ცხედარი მშობლიურ ქალაქში უკვე ჩამოასვენეს და სავარაუდოდ მას რუსთავში დაკრძალავენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც რუსთაველი სპორტსმენი ემსხვერპლა, გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.