5 რუსთაველი ახალგაზრდა აგვისტოს თვეში, საკრებულოს წევრთან, გიგა ჯღარკავასთან ერთად, პოლონეთში, ქალაქ გლდინიაში "Gdynia Business Week 2019“-ზე გაემგზავრება.
რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის დღეს გამართულ სხდომაზე, ჯგუფის წევრებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კრიტერიუმებზე, რომელსაც პროექტში მონაწილეობისთვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს და ასევე აპლიკანტების შერჩევის ტექნიკურ მხარეებზე.
როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, პოლონეთში გამგზავრების შანსი მიეცემათ 15-დან 18 წლამდე მოსწავლეებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, აქვთ მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დაინტერესებულნი არიან ბიზნეს საკითხებით.
მოსწავლეებს აპლიკაციის შევსების ვადა 18-დან 24 ივლისის ჩათვლით ექნებათ, ფორმატი კი გამოქვეყნდება ა(ა)იპ "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი მოახდენს აპლიკანტების შერჩევას, ახალგაზრდები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წევრებთან, სავარუდოდ, კომისია სრულად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი.
აღსანიშნავია, რომ 5 ახალგაზრდას პოლონეთში 1 მასწავლებელი უნდა გაჰყოლოდა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, სამუშაო ჯგუფში შეთანხმდნენ და გადაწყდა, რომ პოლონეთში ახალგაზრდებთან ერთად ხელმძღვანელ პირად საკრებულოს წევრი გიგა ჯღარკავა წავა.
"Gdynia Business Week 2019“ 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც პოლონეთში გაემგზავრებიან, მგზავრობის ხარჯები დაუფინანსდეთ, სხვა ხარჯებს კი პოლონეთის სახელმწიფო ანაზღაურებს.