17 წლის ერეკლე ქარაიას წარმატებები

2019-07-15 14:11:51

17 წლის რუსთაველი ერეკლე ქარაია სრული დაფინანსებით ესტონეთში, "Tallinn University of Technology"-ში, ინტეგრირებული ინჟინერიის ფაკულტეტზე ისწავლის.

"სანამ ესტონეთში მოვხვდებოდი, ამერიკული გამოცდები ჩავაბარე, ინგლისურად დავეუფლე მათემატიკასა და ფიზიკას, რამაც ვფიქრობ, რომ დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ წარმატებაზე. უნივერსიტეტში დაფინანსების მისაღებად 3 ეტაპი გადავლახე, პირველად შევავსე აპლიკაცია, შემდგომ ეტაპზე უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ტესტი ჩავაბარე, რომელიც მოიცავდა შეკითხვებს მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის შესახებ, საბოლოოდ კი ყველაზე რთული ნაწილი - დეკანთან გასაუბრება გავიარე. ინტერვიუს დასრულებისას უკვე ვიცოდი, რომ დაფინანსებას მივიღებდი, რადგან დეკანმა მითხრა, საუკეთესო აპლიკანტების სიაში შედიხარო", - აღნიშნავს ერეკლე ქარაია "ინფო რუსთავთან" საუბარში.

მისი თქმით, ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან გაუჩნდა და ცოდნის გაღრმავებასაც ღრმა ბავშვობიდან ცდილობს. ამ კუთხით განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას 16 წლიდან შეუდგა და თვლის, რომ შედეგი ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავი შრომით, სწორედ გადამწყვეტი ბოლო 1 წლის განმავლობაში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ერეკლემ ოქროს მედალზე დაამთავრა რუსთავის #25 საჯარო სკოლა.

გარდა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა, მისი გატაცება მუსიკაა. 10 წელია, რაც ფორტეპიანოზე უკრავს და თვლის, რომ დაკვრა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის სხვადასხვა რეგიონალური თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიც გახდა და სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელებას ამ კუთხითაც ფიქრობს.

"ძნელია ახლა ვისაუბრო მომავალ გეგმებზე, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია, ჩემი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა, რათა შევძლო და დავუდგე ჩემს ოჯახს გვერდით. რა თქმა უნდა, მარტივი არაფერი არ არის, თუმცა სწორედ გამოწვევებია ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება", - აღნიშნავს რუსთაველი ახალგაზრდა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.