უკრაინული პორტალის, Odessit.ua-ს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ასაკოვან ქალს ხელი მოსტეხა.
მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი მომხრეებთან ერთად სასამართლოში მივიდა, სადაც „კრაიანის საქმე“ მიმდინარეობდა - ყოფილი გუბერნატორი აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქალაქის მერს, გენადი ტრუხანოვს ბრალდებები მოეხსნას. ტრუხანოვს ყოფილი ქარხნის, „კრაიანის“ უკანონოდ შეძენა ედება ბრალად.
სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად სასამართლოს პიკეტირება სცადა, რასაც ხმაური მოჰყვა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორც Odessit.ua წერს, სააკაშვილმა ასაკოვან ქალს დაარტყა და ხელი მოსტეხა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მომხდარს „ფეისბუქზე“ ეხმიანება:
„ეს ქალი სასამართლოს შენობიდან გამოგვეკიდა, ყვიროდა ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს და მოითხოვდა, დაგვეტოვებინა ოდესა. ამასთან, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებიც მოტეხილს სრულებით არ ჰგავდა. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, - წერს სააკაშვილი.