სასამართლო სხდომა რუსთავში

2019-07-06 18:36:56

ქურდული სამყაროს წევრობასა და მახრდაჭერაში ბრალდებულ 10-ვე პირს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა. აღნიშნულ საქმეზე განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა საქმის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებული ყველა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებთან დაკავშირებით და მათ მიმართ აღკვეთის ღონისსძიება გამოიყენა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რამდენიმე ბრალდებულის უფლებადამცველმა. მათ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ.

რუსთავში დაკავებული რ.კ.-ს ადვოკატის მიხეილ მუზაშვილის თქმით, გამოძიებამ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ნაწილი გაასაიდუმლოა. სწორედ ამიტომ, მიხეილ მუზაშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, მანამ, სანამ საქმის მასალების სრულად გაცნობას შეძლებდა.

"პროკურატურის მხრიდან არ არის სრულად წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად ჩვენც სრულად ინფორმაცია არ გვაქვს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს სავარაუდოდ საქმეში", - აცხადებს მიხეილ მუზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ საქართველოს მასშტაბით ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებით 10 პირი დააკავა, მათ შორის 2 რუსთავში.