3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე იყო, აბიტურიენტებმა გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს, რომელიც ორ სესიად ჩატარდა.
როგორც "ინფო რუსთავს" გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე დღეს 1 სესიაზე 620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 39 არ გამოცხადდა, ხოლო 2 სესიაზე 645 აბიტურიენტიდან 41, დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი აცხადებს, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენეს და ეს ტესტები არ იყო განსაკუთრებული სირთულის.
"ტესტი იმდენად მარტივი იყო, რომ აქ ბარიერზე საუბარი ზედმეტია, მე პირადად არ ვემზადებოდი ზოგად უნარებში, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერით" - აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი.
ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან ვერბალურ ნაწილში არ ეყოთ დრო.
"ეროვნულ გამოცდებს მათემათიკით ვაბარებ და საერთოდ არ წარმოადგენდა ზოგადი უნარების გამოცდა ჩემთვის სირთულეს, უბრალოდ ვერბალურ ნაწილში დრო არ მეყო" - განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.
ხვალ აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.