სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში

2019-06-27 19:22:23

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ 7 სკოლაში ტარდება, ესენია: #3, #11, #7, #24, #18, #20 და #13 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

აღნიშნულ სკოლებში სპორტული დარბაზებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია მოხდება. რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში დერეფნებისა და სველი წერტილების მოწესრიგება მიმდინარეობს, ზოგიერთ სკოლაში კი შენებოს გადახურვის, შემოღობვისა და შენობაში იატაკის შეცვლის სამუშაოები ჩატარდება.

ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ტემპები დადებითად შეაფასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართა.

"წელს სკოლებში პირველად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს. ძირითადად, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სკოლებში მიმდინარეობს გარე მოედნების მოწყობა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. რაც შეეხება შიდა სივრცეს, აქ ძირითადი სამუშაოები დაკავშირებულია საპირფარეშოებისა და ისეთი ადგილების მოწყობასთან, რომლებიც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე რეაბილიტაციას საჭიროებდა", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის მერი სამუშაოების ტემპებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ჯერჯერობით ვადებში ჩამორჩენები არ აქვთ. "სამუშაოები ახლახანს დაიწყო და ტემპი ნორმალურია. თავიდანვე უნდა შეძლო პროექტანტებთან და მშენებლებთან ერთად იმ საკითხების კორექტირება, რამაც შესაძლოა შემდგომში პროცესების დასრულებას ხელი შეუშალოს", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

ჯამში, 7 სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 358 915 ლარია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სკოლებში სამუშაოების დასრულების ვადა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აქვთ.