ფონიჭალაში ავტობანი აღარ აშენდება [photo]

2019-06-30 00:11:47

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის გასწვრივ უნდა გაევლო, აღარ აშენდება.

როგორც "ინფო რუსთავს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია, არ განახლდება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღარ გაივლის.

რატომ დადგა ეჭვქვეშ მრავალმილიონიანი პროექტი, რომელის დასრულებასაც საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია ელოდება?

ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საფრთხეს შეუქმნიდა მათ ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევამ აჩვენა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა ფონიჭალაში დასახლებულ ოჯახებს, მათ სახელმწიფოს ავტობანის მშენებლობის შესახებ თანხმობა მაინც არ მისცეს.

როგორც "ინფო რუსთავს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ფონიჭალაში გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები, სამშენებლო სამუშაოების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, დიდი ოდენობის თანხებს ითხოვდნენ, კერძოდ 1კვ.მ-ზე 1000 დოლარს, რაც სამინისტროს განცხადებით, არაგონივრული თანხაა და მისი გადახდა შეუძლებელია.

მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტოს სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის  4 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტობანი აღარ იქნება. რუსთაველები ფონიჭალამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით ჩავლენ, იქიდან კი დასახლებულ პუნქტში მოუწევთ გზის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა უკვე 5 წელია გრძელდება.

RUSTAVI