შემთხვევა, რომელიც რუსთავის მაცხოვრებელს საკუთარ დაბადების დღეზე გადახდა ღამის საათებში მოხდა. როგორც დაზარალებული "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, რამდენიმე დღის წინ რესტორნიდან გამოსული (სადაც დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა) დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე ორთაჭალაში, ტაქსიში ჩაჯდა და საბარგულში ყვითელი ფერის ჩანთა ჩადო, რომელშიც დაბადების დღის სჩუქრები ჰქონდა თავმოყრილი და მძღოლს რუსთავში წაყვანა სთხოვა. ქალბატონი ტაქსის მძღოლმა დანიშნულების ადგილზე, XVI მკრ-ში, დაახლოებით 40 წუთში მიიყვანა. მგზავრი გადმოვიდა და ელოდა როდის გადმოვიდოდა მძღოლი, რომელიც საბარგულს გაუხსნიდა და საჩუქრებს მიაწვდიდა, თუმცა ლოდინი რამდენიმე წამს გაგრძელდა. ტაქსის მძღოლმა საბარგული არ გახსნა და არც მანქანიდან გადმოსულა, მან მანქანა დაძრა და წავიდა. ქალბატონი გაოცებული დარჩა, თავდაპირველად ეგონა მძღოლი მობრუნდებოდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მან მგზავრის საჩუქრები გაიტაცა.
დაზარალებული იხსენებს, რომ მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო, მისი ფერი თეთრი ან ვერცხლისფერი იქნებოდა, სალონი კი ღია ფერის სავარძლებით იყო გაწყობილი. მანქანას მართავდა 37 წლამდე მამაკაცი, რომელიც ორთაჭალიდან რუსთავამდე ტელეფონზე აზებაიჯანულ ენაზე საუბრობდა და როგორც დაზარალებული ეჭვობს, მამაკაცი აზერბაიჯანელი უნდა იყოს. ქალბატონი ტაქსის მძღოლს მიმართავს თხოვნით, რომ თუ ვერ იხსენებს მისამართს კუთვნილი ნივთები ან საპატრულო პოლიციას ჩააბაროს ან "ინფო რუსთავს" დაუკავშირდეს. დაზარალებულმა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდა, მოსახლეობას კი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.