"ყველა დირექტორი დირექტორი არ არის"

2019-06-28 14:11:13

არის თუ არა ყველა დირექტორი დირექტორი მამუკა ხამხაძის თვალში, რას შეცვლიდა ის საგანმანათლებლო სფეროში განათლების მინისტრის პოსტი რომ ეკავოს, უნდა მიიღოს თუ არა მოსწავლემ სკოლაში სექსუალური განათლება და არის თუ არა #4 საჯარო სკოლა, პირველი სკოლა რუსთავში - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს სოფო ცერცვაძის საავტორო გადაცემა "ჰამაკში" მამუკა ხამხაძემ უპასუხა.

კითხვაზე არის თუ არა ყველა დირექტორი დირექტორი, მამუკა ხამხაძე პასუხობს, რომ: - "ყველა დირექტორი დირექტორი არ არის". მისი თქმით, აუცილებელია მსგავს პოსტზე მუშაობისას ადამიანს ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება. მამუკა ხამხაძე ბევრ რუსთაველ დირექტორს დადებითად აფასებს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყველას არა. "დირექტორი, პიველ რიგში, არის არა მენეჯერი, ჩემი აზრით, არამედ სასწავლო, საგანმანათლებლო ლიდერი და ამაში აუცილებლად უნდა უწყობდეს მას ხელს თავისი პედაგოგიური გამოცდილება, ის უნდა იყოს წარმატებული პედაგოგი. ამ შემთხვევაში გაიგებს მასწავლებელი რა შეცდომას უშვებს ან პირიქით, რაშია მისი მიღწევა. ასეთი ტიპის დირექტორები საბედნიეროდ ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრია, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ საწყენი არ არის, ეს ყველას არ ეხება", - აცხადებს მამუკა ხამხაძე.

რას შეცვლიდა საგანმანათლებლო სფეროში, განათლების მინისტრის პოსტი რომ ეკავოს? როგორც ჩანს #4 საჯარო სკოლის დირექტორი ამ საკითხზე ხშირად ფიქრობს, მისი მთავარი იდეა კი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის შემთხვეევაში კარცერ-ლუქსების შექმნაა. "გავაკეთებდი იმას, რასაც ვცდილობ გავაკეთო ერთი სკოლის მასშტაბით, ლუქს-კარცერს შევუქმნიდი ახალგაზრდებს. დოჩანაშვილისეულ ლუქს-კარცერს. ისეთ მიკრო გარემოს, ინფრასტრუქტურას, ისეთ სამუშაო, სასწავლო, ემოციურ, ფსიქოლოგიურ გარემოს სკოლაში, რომ მოსწავლეს აქ უნდოდეს სულ ყოფნა და აქედან წასვლა სახლში არ უნდოდეს და თან სხვა გზა არ ჰქონდეს, რომ იკითხოს ბევრი წიგნი", - აცხადებს მამაუკა ხამხაძე.

რას ფირობს ის სკოლებში სექსუალური განათლების მიღებასთან დაკავშირებით? #4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ჯერ ქვეყანა იმ ეტაპზე არაა, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ამ თემატიკის ცალკე საგანი. "სექსუალური განათლების არანაირი გამოცდილება, მიმღებლობა, ან ის თუ რა შეიძლება ტრადიციული კულტურის და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში ამან მოიტანოს არ არსებობს, ამიტომ შეიძლება შეგვეცვალა შინაარსი ან სწავლების მეთოდიკა საბუნებისმეტყველო საგნებში ამ მიმართულებით, მაგრამ ცალკე სწავლება, ვფიქრობ რომ ამ ეტაპისათვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი", - განაცხადა მამუკა ხამხაძემ.

ფიქრობს თუ არა #4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომ #4 სკოლა პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რუსთავში, რა აზრისაა ის კონკურენტ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და რაშია #4 სკოლის წარმატების საიდუმლო, ამ კითხვებზე პასუხის მოსასმენად შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს და იხილოთ "ინფო რუსთავის" გადაცემა "ჰამაკის" სრული ვერსია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები