საქართველოს 11 მოქალაქე აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.
11-დან ერთ-ერთი რუსთაველი ოლიკო შერმადინია, რომელმაც ამ შედეგის მისაღწევად ბევრი ეტაპი გაიარა და ძალიან დიდი კონკურენციის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, "Wake Forest University"- ის სამართლის სკოლაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით ისწავლის.
ოლიკო შერმადინი 27 წლისაა და ამერიკული თავგადასავალი მისთვის პირველი არ იქნება. Flex პროგრამით ის რუსთავის #2 საჯარო სკოლიდან პირდაპირ აშშ-ში, კანზასის შტატის სკოლაში მოხვდა და ბოლო, დამამთავრებელი კლასი იქ გაიარა.
ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება სამართლის განხრით გადაწყვიტა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლა. ბაკალავრიატზე სწავლის პრიოდში კი რამდენიმე თვით, გაცვლითი პროგრამის საშუალებით ესტონეთში, "University of Tartu"- ში ცდილობდა საკუთარ პროფესიაში ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" იურისტად მუშაობა დაიწყო და უკვე 5 წელია ცდილობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს საჭირო დახმარება გაუწიოს. როგორც ოლიკო "ინფო რუსთავთან" საუბარში იხსენებს, მისი მიზანიც ეს იყო, როდესაც ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება მიიღო და პროფესიად იურისტობა აირჩია.
ოლიკო აშშ-ში 1 წლით დარჩება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს, რაც ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ძალიან გამოადგება.