საქველმოქმედო საღამო რესტორან "სენატში"

2019-06-12 17:56:43

საქველმოქმედო საღამო რესტორან "სენატში".

რესტორანმა ბავშვთა განვითარების საზოგადოება "თამარის" ბენეფიციარები -  სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვები ვახშაზე დაპატიჟა და სხვა კომპანიების ჩართულობითა და დახმარებით მათ საღამო გაულამაზა.

საქველმოქმედო საღამოზე ორგანიზაციის ბენეფიციარებს კომპანიამ "თაფლი სახლში" საჩუქრად თითო ქილა თაფლი გადასცა, ხოლო "ჰეფი დეიმ" ბავშვების განწყობაზე იზრუნა და მათ გასამხიარულებლად საღამოზე ანიმატორი გაგზავნა.

ბავშვთა განვითარების საზოგადოების დამაარსებელისა და ხელმძღვანელის, მარინა ალადაშვილის თქმით, მსგავსი ორგანიზაციების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ორგანიზაციის დამფუძნებელს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, სურს დახმარება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე უფრო მეტ ბავშვს გაუწიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მარტო ამას ვერ შეძლებს და კეთილ საქმეში სხვების თანადგომაც სჭირდება.

მარინა ალადაშვილის თქმით, ბავშვთა განვითარების საზოგადოება მისივე ინიციატივით 2016 წელს დაარსდა, ამ ხნის განმავლობაში კი "თამარის" სახელს რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება უკავშირდება.

ასევე მარინა ალადაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში დააანონსა, რომ მალე ორგანიზაციის ბენეფიციარებისათვის ავსტრიაში მოღვაწე პიანისტი გიორგი ლაცაბიძე მალე ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგმავს.