შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ახალი რეგულაცია ლომბარდებისთვის

2019-06-08 10:21:30

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ.

შესაბამისი ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში“ შედის.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ლომბარდებს სესხის მისაღებად საკუთარი აქტივების დაგირავება შეეძლებათ, მაგალითად – გაცემული სასესხო პორტფელი, ან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება და არა, მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული სხვისი ქონება.

„ცვლილების ძირითად მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყება განმარტავს, რომ ეს ლომბარდებისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას არ ნიშნავს, არამედ დაკრედიტება გადადის ცივილიზებულ სტანდარტზე, რაც გულისხმობს, რომ ორგანიზაციას სესხის მისაღებად შეეძლება დააგირავოს საკუთარი აქტივები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა.

აქედან, 55,7 პროცენტი თბილისში; 12,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში; 9,9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში; 9,7 პროცენტი – აჭარაში; ხოლო დანარჩენი 12,6 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 64,7 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 35,3 პროცენტი უცხოურ ვალუტაში. გაცემული სესხების 96,4 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო 3,6 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი იყო. 2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI