ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რუსთავში

2019-06-04 14:32:25

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მათი ინფორმაციით, 28 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ, 29 მაისს კი 1.3-ჯერ. 31 მაისს ქ. რუსთავში 1.2-ჯერ, ხოლო ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. პირველ ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე-1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და რუსთავში 1.2-ჯერ, 2 ივნისს ქუთაისში 1.4-ჯერ, რუსთავში 1.1-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 3 ივნისს ქუთაისსა და თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, რუსთავში 1.5-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 30 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.