სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

2019-05-31 17:29:59

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული.

ექსკურსიის ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მოვალეობები:

ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი;

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ;

აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება.

ტრანსპორტირების წესი

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.

„აღნიშნული წესი უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რომ აღნიშნული აქტის ყველა მუხლი ზედმიწევნით დაიცვან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავა ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რაც ასევე სავალდებულო იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულბებისთვის, თუმცა, არ ვრცელდებოდა მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.