ფულის შეგროვება რუსთავის ბაღებში

2019-06-01 00:21:13

"სიას რომ მიართმევენ ფულ დადებული მშობლებისას და დაუდებელი ბავშვის ბულინგი რომ ხდება საბავშვო ბაღებში" - მშობლები რუსთავის საბავშვო ბაღებში მასწავლებლებისა და აღმზრდელებისათვის საჩუქრების საყიდლად ფულის აკრებას აპროტესტებენ.

"ინფო რუსთავს" რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლება სრულდება, მშობლები მასწავლებლებისა და აღმზრდელების საჩუქრებისათვის ფულს აქტიურად აგროვებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ბაგა-ბაღებში ტრადიციადაა ქცეული და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახის შვილებსათვის დიდ უხერხულობას წარმოადგენს, რიგ შემთხვევებში კი დისკრიმინაციის მიზეზიც ხდება.

ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ კატეგორიულად უნდა აკრძალოს სააღმზრდელო დაწესებულებაში კოლექტივისთვის საჩუქრების საყიდლად ფულის აკრება.

მას შემდეგ, რაც სააინფორმაციო საგენტოს მშობლები დაუკავშირდნენ, "ინფო რუსთავის" ფეისბუქ ჯგუფში ამ საკითხთან დაკავშირებით პოსტიც დაიწრა. კომენტარებში ვკითხულობთ, რომ აზრს თანხის აგროვების აკრძალვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მშობელი იზიარებს და ფაქტით ბევრი რუსთაველია შეწუხებული.

თუმცა, არსებობს მეორე კატეგორიაც მშობლებისა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მიმართ, ვისაც შვილებს მთელი დღის განავლობაში ანდობენ, პატივისცემის გამოხატვა სათანადოდ სურთ.

"ვინმე გეძალავებათ დადეთო? და ძალადობით ხდება ეგ? მთელი დღე რო მინდობილი მყავს ბავშვი მინდა პატივს ვცემ და მინდა ოქროში ჩავსვავ", - ვკითხულობთ ერთ-ერთი მშობლის კომენტარში.

მსგავსი შინაარსის კომენტარების ავტორებს მეორე მხარეს მდგომი მშობლები პასუხობენ, რომ თუ ვინმეს სურს პატივი სცეს ბაღის კოლექტივს, ეს ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ეკა ხუციშვილს დაუკავშირდა. მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე თანხის აკრება კატეგორიულადაა აკრძალული და აღნიშნა, რომ ეს ცნობილია როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისა და აღმზრდელებისთვისაც, თუმცა მისი თქმით, გაერთიანებას არ აქვს უფლება ჩაერიოს იმაში, რაც ბაღის ტერიტორიის გარეთ ხდება.