თანამედროვე გმირობის ისტორია [video]

2019-05-28 00:36:41

კაპრალ სპეციალისტი - 26 წლის დავით კვიწინაძე, კაპიტანი - 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი და უფროსი ლეიტენანტი - 34 წლის გიორგი მუსელიანი - ეს ის სახელები და გვარებია, რომლებმაც გუშინ, რუსთავში, საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე დაბადების დღეზე თანამედროვე გმირობის ისტორია შექმნეს. [ვიდეო/video]

სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაგანაც ერთერთი, ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია, რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე 26-მაისთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ. გზად მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს, ავტომობილი გააჩერეს და დაინტერესდნენ, მათი დახმარება ვინმეს ხომ არ სჭირდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცები ადგილზე მეხანძრე-მაშველებამდე ადრე მივიდნენ, მათ საქმეში უფრო გამოცდილი პირებისთვის ლოდინი არ დაუწყიათ და მისვლისთანავე ცეცხლმოდებულ კორპუსში შევიდნენ.

როგორც სამხედრო მოსამსახურეები "ინფო რუსთავთან" საუბარში იხსენებენ, საერთო ჯამში მათ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან 5 ბავშვი გამოიყვანეს.

ძლიერი დაკვამლიანების გამო ჯარისკაცებმა ინტოქსიკაცია მიიღეს, რის შედეგადაც მათი სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა გახდა საჭირო.

დღეს სამხედროებმა იმ კორპუსის მაცხოვრებლები მოინახულეს, რომელშიც გუშინ ცეცხლი გაჩნდა. გადარჩენილებსა და გადამრჩენელებს შორის შეხვედრამ ემოციურად ჩაიარა, ჯარისკაცებმა კორპუსის მაცხოვრებლებისაგან ბევრი მადლობა და გულთბილი სიტყვა მიიღეს.

შეგახსენებთ, გუშინ "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 3-მა სამხედრო მოსამსახურემ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ალმოდებულ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე იხსნა.