რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც ევროპამ აღიარა [photo]

2019-05-25 00:56:20

საქართველოში ყველაზე გრანდიოზული სალონური მოვლენის, სილამაზის სფეროში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული რუსთაველი ანა შიხიაშვილი გახდა.

საქართველოს სალონების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობას სტილისტები, ვიზაჟისტები და მანიკურის სპეციალისტები იღებდნენ, ანა შიხიაშვილმა კი გამარჯვება ნომინაციაში "ფანტაზიური ფრჩხილი" მოიპოვა.

ჩემპიონატს როგორც ქართველი, ისე უცხოელი  100-მდე მონაწილე ჰყავდა, თუმცა კონკურენციის მაღალმა დონემ ანას ქვეყნის მთავარ სალონურ მოვლენაზე რუსთავის სახელის სათანადოდ წარმოეჩენაში ხელი ვერ შეუშალა.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ ანა შიხიაშვილი წარმატებას საქართველოში მოიპოვებდა, ის ევროპამ აღიარა. 2016 წელს სილამაზის სფეროში გამართულ ევროპის ჩემპიონატში რუსთაველმა ახალგაზრდამ ნომინაციაში "ფანტაზიური ფრჩხილი" მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპოინატს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით მონაწილე ჰყავდა.

ანა შიხიაშვილმა მანიკურის სპეციალობის შესწავლას მრავალი წელი დაუთმო, კვალიფიკაცია მრვალგზის აიმაღლა და ცოდნის გაღრმავების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. უკვე 10 წელია ამ კუთხით მოღვაწეობს და რუსთავში ის სალონური ინდუსტრიის სახელგანთქმულ ოსტატად ითვლება. მისი მოთხოვნადობა ახლა უკვე ქალაქის ფარგლებს გასცდა და შეიძლება ვიწინასწარმერყველოთ, რომ ანას საერთაშორისო ასპარეზზეც კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები სექტემბერში სილამაზის სფეროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე  საფრანგეთში, პარიზში უნდა გაემგზავრონ. როგორც ანა შიხიაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავს, კონკურსანტებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყონ, ასე რომ, ის გამგზავრების დიდ იმედს იტოვებს და სურს, რომ პატარა ქალაქის, რუსთავის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ გაიტანოს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები