ჩხუბი მზითევის გამო

2018-12-14 22:15:31

ყოფილმა რძალ-დედამთილმა მზითვების გამო იჩხუბეს.

რძალი მეუღლესთან გაშორების შემდეგ მზითვების წამოსაღებად მასთან მივიდა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთები დედამთილმა არ გამოატანა. სწორედ ამ დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მოგვიანებით ხელჩართულ ჯხუბში გადაიზარდა. ყოფილმა რძალმა ყოფილი დედამთილი ხელით სახის არეში სცემა.

გორის რაიონული პროკურატურა 38 წლის ქალბატონს ყოფილი დედამთილის ცემაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთი ოჯახის წევრები აღარ არიან, ქალს გირაო ოჯახური ძალადობის მუხლით შეუფარდეს. ბრალდებულს ადვოკატი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავს.

პროკურატურის მტკიცებით - "1980 წელს დაბადებული ქალბატონი, გორში, საცხოვრებელ სახლში, ყოფილ დედამთილთან ერთად იმყოფებოდა, ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებზე კამათობდნენ, კამათი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რძალმა დედამთილს რამდენჯერმე გაარტყა ხელი. შემთხვევა 2018 წლის 6 აგვისტოს გორში მოხდა."

გორის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევა, პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 დღემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

წყარო: qartli.ge