მოტყუებით ამოღებული კბილები
2018-10-11 13:19:04

ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა.

“კბილები დამიხეხეს, ვეღარ ვლაპარაკობ და უცებ შეწყვიტეს მომსახურება, იმალებიან, ახლა იძულებული ვარ სხვაგან ვიმკურნალო”, – ამბობს ერთ-ერთი პაციენტი ვაჟა გაბაიძე.

დღეს დაზარალებულებმა ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ სტომატოლოგიური კლინიკის ექიმმა ქობულეთში მათ უფასო მომსახურება შესთავაზა, უმტკიცებდა, რომ დაზღვევის ფარგლებში უმკურნალებდა და ამისთვის თანხის გადახდა არ დასჭირდებოდათ. სინამდვილეში კი თითოეულ პაციენტთან „თიბისი ბანკში“ განვადების ხელშეკრულება გააფორმა, მოქალაქეებს ხელი მოაწერინა, საბანკო პროცედურების დასრულებისა და ფულის მიღების შემდეგ მომსახურებაც შეწყვიტა.

„ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოგვაწერინეს ხელი კლინიკამაც და ბანკის წარმომადგენელმაც, 3-დან 6 ათას ლარამდე გვაქვს აღებული განვადება, ბანკი გვთხოვს თანხას კბილები კი ძველია აღარ გვაქვს, ეს კლინიკა ფაროსანაა“, -ამბობს დაზარალებული გურამ მიქელაძე.

როგორც დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და იკითხებიან დაზარალებულები.

“პოლიციაში განცხადება ოთხი თვის წინ შევიტანეთ, დღემდე რაც გაკეთდა ისაა, რომ იკითხებიან მხოლოდ დაზარალებულები, კლინიკა კი ისევ მუშაობს. სხვა სახის საგამოძიებო პროცესს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ კლინიკას მფარველი ჰყავს აჭარის უმაღლეს საბჭოში”, – ამბობს ადვოკატი ირმა ზოიძე.

დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.