ცვლილებები სესხის აღებაზე
2018-10-11 12:54:51

1-ელი ნოემბრიდან, პირი, რომლის თანამსესხებელი მისივე ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებს, - ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული.

დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

რომ დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი“, - აღნიშნულია დებულებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმებოდა.