"ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ"

2024-11-30 19:19:13

მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები - ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული აქციებისგან განსხვავებით სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე.

"ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.

ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია", - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის დაკავებულ ადვოკატს, ბექა ბასილაიასაც ესაუბრა.

"ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა იზოლატორში საქართველოს მასშტაბით, სადაც არიან დაკავებულები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ინფორმაციას ჩვენ გავასაჯაროებთ, როგორც გავაკეთეთ წუხანდელ შემთხვევაზე, როდესაც ვნახეთ ეს ადამიანები და ყველას შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, ვის რა დაზიანებები აქვს, როგორ არის და ა.შ. ოქმები შედგა და გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ბექა ბასილაიას გავესაუბრე, ისიც მიუთითებს დაზიანებებზე. ადვოკატია, თავის უფლებებში კარგად ერკვევა, შესაბამისად აპირებს, რომ ამ ყველაფერზე სასამართლოზე ისაუბროს",- განაცხადა ომბუდსმენმა.

იოსელიანის განმარტებით, იზოლატორში მონახულებულ პირებს უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

"აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება", - განაცხადა ომბუდსმენმა.