პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს ისმენენ, ხმაურით მიმდინარეობა.
საკანონმდებლო ორგანოში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვის დასაწყისმა გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და "გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზიდან „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა.
„წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი ხატია დეკანოიძის რეპლიკებს.
დარბაზის იძულებით დატოვებით დაემუქრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძესაც, როდესაც ის სხდომათა დარბაზიდან, მიკროფონის გარეშე მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილს, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა სიტყვის გაგრძელება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო.
"თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია... არა, მოგისმენთ“... ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.
"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი,"- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.
პლენარულ სხდომაზე ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმით, 2008 წლის ომის დროს „მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები ვიხილეთ“.
"რომელი გარბოდა? ერთი გვარი დაასახელე ვინ გაიქცა და პირადად შენ სად იყავი აგვისტოს ომის დროს“,- მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს.
"ნუ ყვირი, წყნარად იყავი მანდ, მიბრძანდი გარეთ. ერთი კი არა, ათეულობით გვარი არის დაფიქსირებული. მე თბილისში ვიყავი, ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.