სექსზე უარის გამო კაცმა ქალს 35 ჭრილობა მიაყენა და მოკლა

2021-07-27 13:12:04

ბათუმში სექსზე უარის თქმის გამო კაცმა ქალს დანით 35 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა 2020 წლის 6 ნოემბერს მოხდა და მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ 26 ივლისს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა.

"ბეტმენთან“ ვიღაცას ვთხოვე, დამარეკინე-მეთქი და დავურეკე ტატიანას. შევუთანხმდი და ისე მივედი... სექსი გვქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომინდა სექსი, მაგრამ მან უარი მითხრა კატეგორიულად, პოლიციას გამოვიძახებ, თავს თუ არ დამანებებო…. მერე სამზარეულოდან დანა ამოიღო და ჩემი დაჭრა სცადა, დამჭრა კიდეც მარჯვენა ხელში, როცა დანის წართმევას ვცდილობდი. მერე მე მოვუქნიე დანა, ის ყვიროდა საშინლად, ბინდი გადამეფარა თვალებზე",- "ბათუმელების" მიხედვით ამბობს ჩვენებაში ბრალდებული ზაზა დავითაძე .

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ტ.ჩ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.დ.  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.დ. 2020 წლის 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.     

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია განცხადებაში.