რეკომენდაციები ორსულებს

2021-07-27 13:00:11

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ორსულების აცრა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, იმნაძის თქმით, ვიდრე კლინიკური კვლევები არ დასრულდება, მანამდე სინოფარმით და სინოვაკით ორსულები ვერ აიცრებიან.

"​ფაიზერს ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულის აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსული. დღევანდელი სიტუაციით, ფაიზერზე შეიძლება ორსულების აცრა, სინოვაკით და სინოფარმით ჯერჯერობით - არა", - თქვა იმნაძემ.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.