გამყრელიძე: შემოდის რეგულაცია, რომ...

2021-07-21 16:32:22

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება სერიოზულად გაუარესებულია. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე და მისივე თქმით, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, სადაც 5-6 ადამიანი იკრიბება, „ყველას უნდა ეკეთოს პირბადე“.

„ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც – ნოემბრის დასაწყისში იყო.

ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ ის რეკომენდაციები და პირველ რიგში, პირბადე… პირბადე ყველა დახურულ შენობაში. მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი ერთად, ყველას უნდა გვეკეთოს პირდბადე.

თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა.შ. და ავიცრათ ყველა. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა, ამიტომ, მესმის, შევდივარ მდგომარეობაში, ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, ყველას უნდა სიარული, ყველას უნდა რესტორანში დაჯდომა, მაგრამ, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა დღეს დილას. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

RUSTAVI