რომელ რეგიონში დალიეს ყველაზე მეტი ყავა და ჩაი საჯარო მოხელეებმა

2021-04-07 18:52:15

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28 392 ლარი გაიღეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

ყველაზე მეტი ხარჯი ამ კუთხით იმერეთმა - 9 834 ლარი გაიღო.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის შემთხვევაში - 1 200 ლარით განისაზღვრა.

ორგანიზაციის კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

"ძირითადი მიგნებები:

2020 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,297,151 ლარი შეადგინა, რაც 49,459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4,247,692 ლარი) შედარებით;

ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270,017 ლარი დაიხარჯა, რაც 17,834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252,183 ლარი);

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454,428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254,413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82,660 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა,  ზურაბ ნასარაიამ გახარჯა;

სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47,442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 19,628 ლარი დახარჯა;", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RUSTAVI