"ფრთხილი ოპტიმიზმი გვმართებს"

2021-02-26 11:45:05

"კორონავირუსის დასრულებამდე შორი გზა გვაქვს გასავლელი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის ამბობს, რომ მიუხედავად სიტუაციის სტაბილიზაციისა, ფრთხილი ოპტიმიზმი გვმართებს.

„სტაბილიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ იგივე ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რაც ზაფხულში, თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსი. ვირუსის დამარცხებამდე, ჩვენთან და მსოფლიოში პანდემიის დამარცხებამდე ჯერ შორი გზა გვაქვს გასავლელი. მარტო ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავამარცხებთ. ის უნდა დაამთავროს მსოფლიომ. გთხოვთ ყველას, გქონდეთ ფრთხილი ოპტიმიზმი. პანდემია დამარცხდება, უკან დაიხევს, მაგრამ მანამდე რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ხელი შეუშალონ, რათა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის. „პირდაპირ გეტყვით, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ მედიცინას არ მოუგონია, ვაქცინა და ვაქცინაცია შედის ყველაზე დიდ აღმოჩენათა სამეულში. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანი და კიდევ გადაარჩენს უფრო მეტს. საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ვიქნებით აგრესიულად და პესიმისტურად განწყობილი ვაქცინაციისადმი. ვაქცინაცია არის ყველაზე უფრო საუკეთესო პროფილაქტიკური და პრევენციული საშუალება, რომელიც იცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას ბევრი დაავადებისგან, რომელიც კლავდა ბავშვებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ის დარწმუნებულია, რომ მარტში ქვეყანაში ვაქცინა იქნება. “საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს და უნდა ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, თუ ამას წლის ბოლომდე გავაკეთებთ, წლის ბოლომდე წერტილს დავუსვამთ დაავადებას ქვეყანაში და ის გაიხსნება სრულად, თანდათანობით დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.