საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

2021-01-17 13:48:54

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ 90-კმ 112 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება კობი-გუდაურის მონაკვეთს, ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

„გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ გვიწყობს. ძალიან დიდი თოვლია მოსული და საჭიროა თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომ ტექნიკა შევიდეს გზის გასაწმენდად. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როდის იქნება შესაძლებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. საბაგირო უკვე ჩაირთო და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გუდაურის, ისე - გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.